2017-06-04

,,ყვავილების მეჯლისი“

პირველ ივნისს, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის  ორგანიზებით, ჩატარადა ღონისძიება - ,,ყვავილების მეჯლისი“, რომელიც მიეძღვნა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებმა და კერძო სკოლამ.
    ღია ცის ქვეშ, ჭადრების ხეივანში,  სკოლებმა წარმოადგინეს - ქორეოგრაფიული  და სასიმღერო ნომრები, წაიკითხეს ლექსები, რითაც სიხალისე შემატეს პირველი ივნისის დღესასწაულს.

   მოსწავლეთა სადემონსტრაციო ნომრები, ვიზუალურად და  თემატიკის შინაარსით შეესაბამებოდა ღონისძიების სახელწოდებას. თითოეულმა სკოლამ, გარდა საშემსრულებლო ნომრისა, წარმოადგინა შემოქმედებითი კუთხე, სადაც გამოფენილი იყო ყვავილების თემაზე შექმნილი სხვადასხვა მასალის ორიგინალური ნახატები, ნაკეთობები, რომლებიც მოსწავლეებმა და პედაგოგებმა შექმნეს.  ასევე, თითოეული სკოლისათვის შემოსაზღვრული იყო ადგილი, სადაც სკოლის მოსწავლეებს, ფერადი ცარცებით უნდა შეესრულებინათ ყვავილების თემაზე შექმნილი ნახატები.
    ასე რომ, ღონისძიების მსვლელობისას, მაყურებელს შეეძლო დამტკბარიყო ყვავილების ფორმებში გამოწყობილი პატარების მიერ შესრულებული ცეკვებითა და სიმღერებით, ამავე დროს, დაეთვალიერებინა ულამაზესი გამოფენა და მოსწავლეთა თუ პედაგოგთა ნამუშევრები. მოსწავლეთა გასამხიარულებლად მოწვეული იყო მხიარული ჯამბაზები. საფინალო ნომრებით, მოწვეულმა ცირკის მსახიობებმა აუმაღლეს პატარებს განწყობა და მათთან ერთად დაასრულეს ულამაზესი ზეიმი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და  საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია.